Tuesday, March 31, 2020

სერბეთში დააკავეს ადამიანი, რომელიც ხედ გადაცმული ცდილობდა კარანტინის დარღვევას


ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რამენაირად დაუსხლტნენ მკაცრ საკარანტინე შეზღუდვებს, რაც კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია. ამასწინათ პოლიციამ ესპანეთში დააკავა პიროვნება, რომელიც ტირანოზავრი რექსის ფორმაში გადაცმული ცდილობდა, დასხლტომოდა სამართალდამცავების მზერას, ხოლო გუშინ სერბეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც აპირებდა, Covid-19-ის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული გაქცეოდა.
ადგილობრივი ბლოგერების ინფორმაციით, რომლებმაც ეს ცნობა შესაბამის ფოტომასალასთან ერთად “ფეისბუკით” გაავრცელეს, ხის ფორმაში შენიღბული მამაკაცი კომენდანტის საათის პირობებში 3 დღის მანძილზე დაუბრკოლებლივ ახერხებდა გადაადგილებას, მაგრამ ნათქვამიაო, კოკა წყაროზე ტყდებაო და ეს ჩვენი “ხეც” თავის სტიქიაში დაიჭირეს პოლიციელებმა.
ამასობაში უკანასკნელი ოფიციალური ცნობების თანახმად, კორონავირუსი დედამიწაზე დაუდასტურდა 850 357 ადამიანს, საიდანაც 41 661 გარდაიცვალა.

ინდოეთი არნახული ეპიდაფეთქების ზღვარზე: სოციალური დისტანციის დაცვა აქ უკვე შეუძლებელია


ინდოეთის 1,4-მილიარდიანი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ღატაკები შეადგენენ, რომლებიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ. ბევრს კი ესეც არ გააჩნია. ისინი მრავალმილიონიანი ქალაქების ჯურღმულებში, ერთმანეთზე მიყრილ ბარაკებსა და ქოხებში ცხოვრობენ. ექსპერტების აზრით, სწორედ აქ მალე კორონავირუსის იმ მასშტაბების ეპიდემიური კატასტროფაა მოსალოდნელი, რომ ის, რაც ამერიკაში ამჟამად ხდება, ბავშვურ გასართობად მოგვეჩვენება.
ინდოეთის ხელისუფლება ცდილობს, ეს სცენარი უმკაცრესი ზომებით აიცილოს თავიდან, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის დასახლებულ პუნქტებში საშინელი სივიწროვე და სიღარიბეა, ეს თითქმის შეუძლებელი ჩანს.
როგორც ირკვევა, Covid-19-ის ყველაზე დიდი ტალღა ამ დღეებში დელის ნიზამუდინის მეჩეთიდან გავრცელდა. მიუხედავად მკაცრი ზომებისა, მეჩეთში 2000 ადამიანი შეიკრიბა, საიდანაც 200 პილიგრიმი იყო. ერთ-ერთ მლოცველთაგანს კორონავირუსი აღმოაჩნდა, საიდანაც ეპიდემიამ მთელ ქვეყანაში უკვე უკონტროლო გავრცელება დაიწყო.
მიუხედავად აკრძალვებისა, მუსლიმები დღემდე ჩუმად იკრიბებიან მეჩეთებში და ლოცულობენ.


აქ დიდ პრობლემას წარმოადგენს ასევე ფაქტიურად საჭმლის ფულზე მომუშავე ღარიბების მილიონიანი არმიები, რომლებიც დელისა და სხვა დიდ ქალაქებში საქმიანობდნენ. მათ სამსახურები დაკარგეს და მასიურად დაიძრნენ მშობლიური სოფლებისკენ. ახლა პოლიცია ასევე უშედეგოდ ცდილობს მათი უსასრულო ნაკადების შეჩერებას.
ინდოელი პოლიციელები და სამხედროები ქალაქების და სოფლების ქუჩებს ამჟამად სადეზინფექციო ხსნარებს ასხურებენ. მაგრამ რამდენად ეფექტური გამოდგება ეს ზომა, ამას მომავალი გვიჩვენებს

Monday, March 30, 2020

კვლევა: ნაკლები სექსი და მეტი მასტურბაცია კორონავირუსის პანდემიის დროს


Covid-19-ის გლობალურმა გავრცელებამ და დაავადების საშიშმა ხასიათმა ადამიანების ჩვეულებრივი ყოფა თავდაყირა დააყენა. სექსზე თუ ვიმსჯელებთ, პრობლემას წარმოადგენს პარტნიორებს შორის სიშორეც და კარანტინში ერთობლივი ცხოვრებაც. ამასთან დაკავშირებით გერმანიაში ონლაინპლატფორმა We Vibe-მ ურთიერთობაში მყოფი 1200 ადამიანი გამოკითხა. ინტერესის საგანს ლიბიდო, სიყვარული და სექსი წარმოადგენდა კორონავირუსის ერაში.
როგორც აღმოჩნდა, ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს, რომ პარტნიორი მასზე გაბრაზებულია. 78 %-ის წარმოდგენით კი დაშორებების და განშორებების რაოდენობა კრიზისის შედეგად გაიზრდება. 25 %-ზე მეტმა ქორწინების სამზადისი გაურკვეველი ვადით გადადო.
მაგრამ თურმე განსაკუთრებით ის ადამიანები იტანჯებიან, ვინც იძულებული გახდა, საკუთარ პარტნიორთან სივრცითი დისტანცია დაიცვას. მათ უმეტესობას ფიზიკური სიახლოვის (55 %) და სექსის (53 %) განსაკუთრებული მოთხოვნილება აღმოაჩნდა.
გაირკვა, რომ ყოველ მესამე წყვილს დისტანცირება აიძულებს, ტელეფონზე რეკოს ან ეროტიკული ხასიათის მასალას უყუროს, ხოლო კარანტინში მყოფთა თითქმის ნახევარი (45 %) ფიქრობს განშორებაზე.
გამოკითხულთა 20 % ამბობს, რომ მათ კარანტინში მეტი სექსი აქვთ.


მასტურბაციის მოთხოვნილება იზრდება: 54 %-ზე მეტი კარანტინში ერთად ყოფნისას და დისტანცირებული წყვილების 73 % კავდება მასტურბაციით.
ასევე გაირკვა ისიც, რომ კარანტინმა და თვითიზოლაციამ სექსუალურ სათამაშოებზე მოთხოვნილება გაზარდა. თუმცა, მკვლევარებმა ჯერ კიდევ არ იციან, რით დასრულდება ეს ყოველივე - ბავშვების ჭარბი დაბადებით თუ მომატებული განშორებებით.

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...