Tuesday, June 2, 2020

რატომ არის ამერიკაში მუდმივად დაძაბულობა?

#BlackLivesMatter-ის სლოგანის ქვეშ გაერთიანებულმა გამოსვლებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ამერიკაში რასიზმის პრობლემა ძალიან ღრმა და სისტემურია, ხოლო სისტემურ რასიზმს პოლიტიკური სისტემის ჩავარდნა გამაპირობებს. მართლაც ამერიკაში ავტორიტარიზმი დემოკრატიის საფარქვეშ დღეს ოსტატურად ინიღბება. როგორც ტრამპის და ჰილარი კლინტონის დაპირისპირებამ გვიჩვენა, ამერიკის საარჩევნო სისტემა არ ასახავს უმრავლესობის განწყობებს. ხმოსანთა კოლეგია, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს, არ წარმოადგენს ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს, რაც 2016 წელს ნათლად გამოვლინდა, როცა ჰილარიმ იმ უცნაურ ქოჩორა კაცზე ასეულ ათასობით მეტი ხმა მიიღო. ხოლო როცა სახელმწიფოს მართავს პიროვნება, რომელსაც მოსახლეობის უმცირესობა უჭერს მხარს, იმ ქვეყანაში ცხოვრება ვერასოდეს ვერ ჩადგება კალაპოტში. 


ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მაინც დემოკრატიულია, რადგან ხმოსნები ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობის მიერ არიან არჩეულები, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. მაგალითად საქართველოს პარლამენტის წევრები პირდაპირი, საყოველთაო და ფარული კენჭისყრის საფუძველზე ირჩევიან. ისინი რომ არაპირდაპირი, არასაყოველთაო ან ღია კენჭისყრის საფუძველზე ირჩეოდნენ, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, დღეს სახელმწიფოს მმართველი უმრავლესობა ჩვენთან ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ან სულაც, “პატრიოტთა ალიანსის” ხელში იქნებოდა და ეს არ იქნებოდა მოსახლეობის ნების გამომხატველი მმართველობა. 


მაგალითად, მე და თეა თუ ავირჩევთ პეტრეს იმ იმედით, რომ რადგან მეც და თეასაც მოგვწონს ლია და რადგან პეტრეც მოგვწონს, დარწმუნებული ვართ, რომ ლია პეტრესაც მოეწონება, ეს იქნება სისულელე, რადგან პეტრეს შეიძლება პავლე მოსწონდეს ან სანდრო და მას მისცეს ხმა. სწორედ ასე მოხდა ჰილარი კლინტონის და უცნაური ქოჩორას არჩევნების შემთხვევაში, როცა უმრავლესობამ ჰილარის მისცა ხმა, ხოლო პრეზიდენტი ქოჩორა გახდა. ეს არ არის დემოკრატია. ეს სისტემა არის უსამართლო და არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს. 


რეალური დემოკრატია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებშია. ამას დაუმატეთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ავსტრალია-ოკეანეთის რამდენიმე განვითარებული ქვეყანა და სულ ეს არის თანამედროვე ცივილიზებული სამყარო. ამერიკა სადღაც შუაშია ცივილიზებულ და არაცივილიზებულ სამყაროთა შორის. ამერიკა რა თქმა უნდა, რუსეთი არ არის, სადაც პირდაპირი დიქტატურაა, მაგრამ არც ნორვეგია და ლუქსემბურგია. ამერიკას ძალიან ეხმარება ის, რომ ერთი და იგივე პიროვნება პრეზიდენტი მაქსიმუმ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება გახდეს. კარგია ასევე დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა (ამერიკული სასამართლო მართლაც შესანიშნავია), მაგრამ ამერიკული დემოკრატია ძალიან არქაისტულია და პოლიტიკური სისტემის ძირეული რეფორმა თუ დროზე არ განხორციელდა, რასიზმი, ჩაგვრა და სისასტიკე ყოველდღიურობიდან ვერასოდეს გაქრება.



No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...