Monday, May 11, 2020

რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად?


ცნობილი ამბავია, რომ ორთქლის ძრავა ძველ რომში გამოიგონეს. ანტიკური სამყაროს მეცნიერებმა უკვე კარგად იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო, ბრუნავდა მზის გარშემო და თქვენ წარმოიდგინეთ, კოპერნიკამდე და კეპლერამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტეში ისიც კი უწყოდნენ, რომ ჩვენი პლანეტა საკუთარი ციური მნათობის ირგვლივ ელიფსზე მოძრაობდა. ამ ელიფსის გარშემოწერილობაც დიდი სიზუსტით იყო გამოთვლილი.
ძველი ეგვიპტელი მეცნიერები ასევე უბადლოდ ფლობდნენ თავის ტვინზე ურთულესი ქირურგიული ოპერაციების გაკეთების ხელოვნებას. ისინი თავის ტვინის კიბოსაც კი აცილებდნენ ავადმყოფს და თვეობით და წლობით უხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს. დაჭრილებს ანტიბიოტიკურ მალამოებს ადებდნენ ნაიარევზე.
პირველად ანტიკურ ეპოქაში თქვა დემოკრიტემ, რომ სამყარო ატომებისგან შედგებოდა. დემოკრიტე იყო ამავე დროს შესანიშნავი ბიზნესმენი და ზეთისხილით ვაჭრობით მშვენივრად ცხოვრობდა. მან 105 წლის ასაკს მიაღწია და ეს მაშინ, როცა სულ რაღაც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ევროპაში 35 წელიწადი გახლდათ.
მაშ, სად გაქრა ამხელა ცოდნა? რატომ ვერ განვვითარდით? რატომ ვერ ვცხოვრობთ იმაზე ბევრად უფრო უკეთ, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ? ორთქლის ძრავა თუ ანტიკურ რომში გამოიგონეს, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ხომ უკვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია უნდა მომხდარიყო, ხოლო შუშანიკის წამებამდე 200 წლით ადრე კოსმოსში გავფრენილიყავით? რატომ გავფრინდით მთვარეზე 1969 წელს ნაცვლად 269 წლისა? რატომ არის მსოფლიოს მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 10 100 დოლარი ნაცვლად 10 ტრილიონი დოლარისა? რატომ ვერ ვამარცხებთ კიბოს? კორონავირუსი ასე ძალიან რატომ გვაშინებს?
ამ ყველაფერზე პასუხი მარტივია: რელიგია. დიახ, რელიგია! წარმოიდგინეთ, დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ამ დონეზეა განვითარებული ტენოლოგიები და კომუნიკაცია, რამხელა წინააღმდეგობებს აწყდება სამეცნიერო პროგრესი და რამდენად რთულია ნებისმიერი სამეცნიერო მიღწევის დანერგვა რელიგიური ადამიანების სრულიად გაუგებარი ფობიების გამო, რომლებიც ნებისმიერ სიახლეში “მხეცის ნიშანს”, რიცხვ 666-ს და სხვა ათასგვარ უაზრობას ეძებენ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა უნდა ყოფილიყო 1000 ან 1500 წლის წინ, როცა რელიგია თავისი ბატონობის ზენიტს აღწევდა. მაშინ ერთადერთი “სამკურნალო” საშუალება ხომ ლოცვა იყო. ცნობილი ფაქტია, რომ მღვდლებმა ასიათასობით ქალი წამებით დაწვეს კოცონებზე, რადგან ეს უკანასკნელები ბალახეულის ნაყენებით ცდილობდნენ საკუთარი ავადმყოფი ბავშვების განკურნებას. მსგავსი მკურნალობა მაშინ ჯადოქრობად იყო აღქმული. თუ ცუდად იყავი, მოვიდოდა მღვდელი და გაზიარებდა. თუ გადარჩებოდი, ხომ კარგი, თუ არადა, შენზე იტყოდნენ, რომ ღმერთმა ცოდვების გამო დაგსაჯა. შუა საუკუნეების ადამიანი მიწას 5 სანტიმეტრზე იმის გამო კი არ ხნავდა, რომ უფრო ღრმად მოხვნის სიკეთეს ვერ აცნობიერებდა, არამედ იმის გამო, რომ ეშინოდა, რომ თუ უფრო მძიმე და მჭრელი პირის მქონე გუთანს შექმნიდა, მღვდელი მას ერეტიკოსად შერაცხავდა და კოცონზე დაწვავდა.


ასე და ამრიგად, თქვენ რომ გშიათ, რომ გწყურიათ, კარგი სექსი რომ არ გაქვთ ამ სხეულებით სავსე პლანეტაზე და ხან რა დაავადება რომ გიტევთ და ხან რა, ეს ყველაფერი რელიგიის ბრალია. ყველა მოაზროვნე არ არის “ქვის კიტრი” და ყველას არ შეუძლია, 50 წელი იშიმშილოს და მილიონი დამცირება აიტანოს იდეის გამო. აი, ამიტომ ვცხოვრობთ ასე ცუდად და ამიტომ ვიხოცებით ასე მარტივად. რელიგიაა ჩვენი სიკვდილის მიზეზი.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...