Wednesday, May 27, 2020

ყველაზე შემაძრწუნებელი სტატისტიკა ანუ რა მოხდა მაშინ, როცა შენ სამუშაო დაკარგე

სხვადასხვა მონაცემების თანახმად, კორონავირუსის შედეგად ბოლო ორი თვის მანძილზე დაახლოებით ხუთასმა მილიონმა ადამიანმა პლანეტაზე დაკარგა სამუშაო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გადაინაცვლა, თუმცა ამის პარალელურად დედამიწის 25-მა უმდიდრესმა ადამიანმა იგივე პერიოდში 255 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ეს იმდენად საგანგაშო ამბავია, რომ წესით მთელი მსოფლიო ამაზე უნდა საუბრობდეს, მაგრამ ადამიანები გარინდებულები არიან; მათ ასწავლეს, რომ საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაში მხოლოდ თავად არიან დამნაშავეები. ამიტომ აბსოლუტურად უდრტვინველად შეხვდნენ ქონებრივი უთანასწორობის მორიგ კატასტროფულ ზრდას.

არადა, რეალურად საკუთრივ ადამიანის ბრალეულობა პირად წარუმატებლობაში ყველაზე მცირეა. ადამიანის წარმატებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები და ასევე ის, თუ რამდენად პრივილეგირებულ სოციალურ ჯგუფებს განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იღბალს და გამართლება-არგამართლებას. მილიარდერები საკუთარ ქონებას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასგვარი უკანონო და არაეთიკური გზით აგროვებენ.

ამბობენ, რომ “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 2026 წელს პლანეტის პირველი ტრილიონერი გახდება. ბევრი ექსპერტი არ გამორიცხავს ასევე იმასაც, რომ მარკ ცუკერბერგი ბევრად უფრო მალე გახდეს ტრილიონერი (მან ხომ 40 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა მარტსა და აპრილში). და ეს ყველაფერი მოხდება მსოფლიოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი გაღატაკების ფონზე.

არადა, ყოველთვის ყველაფერი მთლად ასე ცუდად არ იყო. მე მახსოვს, 90-იანი წლების მიწურულს როგორ დააჯარიმეს ბილ გეითსი, რომლის ქონება მაშინ 100 მილიარდს შეადგენდა. იმ დროს “მაიკროსოფტის” მამას ბრალი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში დასდეს და მისი ქონება მალევე განახევრდა კიდეც, რაც მისასალმებელი იყო. მუშის ოჯახში აღზრდილი დემოკრატი კლინტონის მთავრობა შეაშფოთა ერთი ადამიანის ხელში ასი მილიარდი დოლარის კაპიტალის მოქცევამ, მაგრამ დღეს ჩანს, არავის არაფერი აღარ აშფოთებს. დღეს სამყარო შეიცვალა, მაგრამ არა უკეთესობისკენ.

მე ორი რამ მაინტერესებს ყველაზე უფრო მეტად: როდემდე აპირებთ ქართველები საპატრიარქოს და საეკლესიო პირების პარპაშის ატანას და იმასთან შეგუებას, რომ მღვდლები სულ უფრო მეტ სახელმწიფო სიმდიდრეს ეპატრონებიან და როდემდე აპირებს დედამიწის მოსახლეობა იმის ატანას, რომ სულ რამდენიმე ასეული ადამიანი თანდათან მთელი სამყაროს რესურსებს ეპატრონება? განა რა უნდა იყოს იმაზე უფრო საშინელი დიქტატურა, ვიდრე 1 ტრილიონი დოლარი ერთი ადამიანის ხელში, როცა ნახევარი მილიარდი ადამიანი დღეში 1 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს? ნუთუ არავითარი საღი განსჯის უნარი, არავითარი სოლიდარობა და თანაგრძნობა აღარ შეგვრჩა?! სადამდე შეიძლება ადამიანმა შიმშილი და თავშესაფრის არქონა მოითმინო, როცა სხვები წარმოუდგენელ სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობენ?!

საკითხავი აი ეს არის.



No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...