ნათქვამია, სიყვარულს რა უნდა და ბნელი ღამეო... (საერთოდ, ეს ანდაზა ქურდზეა ნათქვამი და ასე ჟღერს, “ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო”, მაგრამ არ დამახრჩოთ ანდაზის გაყალბების გამო. განაგრძეთ კითხვა).
ისიც ნათქვამია, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო, თუმცა, გაქცევა ვერ მოახერხა იმ 9 ჭაბუკმა, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცდილობდნენ ერთი გოგონას გულის მონადირებას ამ 9 ჭაბუკიდან ერთ-ერთისთვის.
სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი. ბრუნვამ (მითუმეტეს კი ვერტიკალურმა) იცის თავბრუსხვევა, ხოლო თავბრუსხვევამ - გონების დაბინდვა. ამიტომ ყარაჯალელ რომეოს დაავიწყდა, რომ კორონავირუსის გამო საღამოს 21 საათის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათია გამოცხადებული. მან თავის 8 მეგობართან ერთად გულის ფორმის კოცონი დაანთო სოფლის სტადიონზე.
სწორედ ამ ფორმით აპირებდა ეს ჩვენი საბრალო მიჯნური თავისი ჯულიეტასთვის ხელის თხოვნას.
თუმცა ქართულ პოლიციას მოგეხსენებათ, არ სძინავს. ჩვენი შსს ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. ამიტომ ყარაჯალელი რომანტიკოსი და მისი 8 მეგობარი კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ.
ნათქვამია, სიყვარულსა მალვა უნდაო. აი, რა ანდაზა უნდა გამხსენებოდა დასაწყისში ბნელი ღამის ანდაზის ნაცვლად. მაგრამ რაც არის და როგორც არის, რა მნიშვნელობა აქვს. მოხდა ისე, რომ ყარაჯალაში დანთებულმა გულის ფორმის კოცონმა საქართველოს ბიუჯეტს 27 ათასი ლარი შემატა.
გვებრძვიან რომანტიკოსებს, ძვირფასო მეგობრებო.
No comments:
Post a Comment