Monday, April 20, 2020

არიან თუ არა ღმერთი და ეშმაკი თანამზრახველები?


ეშმაკს ქრისტიანულ მითოლოგიაში ხშირად შუბლზე რქებით და ფიწლით ხელში გამოსახავენ. არადა, ბიბლიაში საუბარია, რომ ის თავდაპირველად ანგელოზი იყო, მაგრამ მოგვიანებით გაამპარტავნდა და ღმერთის დამხობა განიზრახა, რის შემდეგაც უფალმა ის ზეციდან განდევნა.
გამოდის, რომ ეშმაკი თავდაპირველად ისევე ლამაზი და წარმოსადეგი იყო, როგორც სხვა ანგელოზები. მაშ, რქები და კლანჭები როდის ამოუვიდა? ან ფიწალი სადღა იშოვა? სოფლის მეურნეობის იარაღების მაღაზიაში იყიდა? ან მტრედის ფრთების მსგავსი ქათქათა თეთრი ფრთები როგორღა შეუცვალა ღამურას ფრთებმა? ამაზე ღმერთმა სპეციალურად იზრუნა მისი სამოთხიდან განდევნის და ჯოჯოხეთში მოთავსების შემდეგ?
ან თუ ეშმაკი ჯოჯოხეთშია, მაშ, როგორღა ახერხებს ადამიანების შეცდენას? ესე იგი, როცა მოესურვება, ამოდის ჯოჯოხეთიდან და აქეთ-იქით დასეირნობს თავის ნებაზე? აბა, ეს რაღა სასჯელი გამოდის? მითუმეტეს, რომ ბევრგან “წმინდა წერილებში” ეშმაკს “ამა სოფლის ბატონსაც” კი უწოდებენ და მასვე მიაწერენ ადამიანების მოსყიდვას დიდძალი ოქრო-ვერცხლით და ულამაზესი გოგოების გამოყენებით. თუ უკვდავი ხარ (და ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკი, იგივე სატანა, უკვდავია), გაქვს ოქრო-ვერცხლი და გყავს ულამაზესი გოგოები, სამოთხეში რაღა ჯანდაბა გინდა? მე მომცეს ვინმემ ასეთი ცხოვრება და სულ არ გავიხედავ სამოთხისკენ არასოდეს.
მითუმეტეს, რომ სახარებიდან ცნობილია, თუ როგორ სთავაზობს სატანა იესო ქრისტეს მთელი სამყაროს მიცემას, თუ ეს უკანასკნელი მას დაუჩოქებს და თაყვანს სცემს. გამოდის, რომ მთელი ეს სამყარო, თავისი ოქროს ქვიშიანი პლაჟებით, კოქტეილებით, სექსით, ათასნაირი გართობით და განცხრომით სატანისაა? თუ ეს ასეა, მართლა რაღად გვინდა სამოთხე?
ან, თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არ წაართმევს სატანას უკვდავებას, რათა ეს უკანასკნელი ადამიანების შეცდენას მოეშვას? თუ სპეციალურად არ ართმევს სიცოცხლეს, გამოდის რომ სჭირდება და მისი სახით თანამზრახველი ჰყავს, ხოლო თუ ვერ ართმევს, მაშინ ღმერთი ყოვლისშემძლე აღარ გამოდის.
ყველა ვარიანტში ჩიხში შევდივართ.
ასე და ამრიგად, ქრისტიანული სწავლება ეშმაკის შესახებ იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ვერავითარ აზრს და ვერავითარ ლოგიკურ კავშირებს მასში ვერ აღმოაჩენ. მე რომ ასეთი წინააღმდეგობრივი და შეუსაბამო დათქმებით გაჟღენთილი წიგნი დავწერო, არცერთი რედაქტორი მას არ დამიბეჭდავს. ამიტომ მართლა სრული დებილი და დოყლაპია უნდა იყო, მსგავს ბოდვას რომ დაუჯერო.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...