Tuesday, April 7, 2020

რელიგია, როგორც სიკვდილი


ურბნელმა მიტროპოლიტმა, ეპისკოპოსმა იობმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად ეკლესიებში წირვა-ლოცვის და ზიარების წესის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
“უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო. ალბათ ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლა საჭიროა და ხომ უნდა მოემზადო შესაბამისად. არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვივარდება, თქვენ იცით და როგორ შეიძლება უფალმა დაუშვას, რომ თქვენ რაღაცით დაავადდეთ”, - თქვა ეპისკოპოსმა.
კვირას, ხუთ აპრილს წირვა-ლოცვა და ზიარება გაიმართა საქართველოს ყველა ორთოდოქსულ ეკლესიასა და მონასტერში. “ღმერთის” მსახურებმა მოწოდება გაავრცელეს, რომ ეკლესიები არ დაიხურებოდა, რისი პირველი შედეგიც უკვე სახეზეა: დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, საკუთარ ბაბუასთან, დედასა და ოჯახის კიდევ ერთ სხვა წევრთან ერთად თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც გაირკვა, სტიქაროსნის ბაბუა უმძიმეს მდგომარეობაშია და ამჟამად სიკვდილს ებრძვის.
სახარბიელო არც ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის კიდევ სხვა ორი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ისინიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
სტიქაროსანმა რამდენ ადამიანს დამართა კორონავირუსი და რამდენს იმსხვერპლებს, ეს ჯერ არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეკლესიის წარმომადგენლები კორონავირუსის გაჩენისთვის ბრალს ჰომოსექსუალებს და იმ ქალებს სდებენ, რომლებიც აბორტებს იკეთებენ.
უცნაურია, რომ თავად არიან კორონავირუსის გამავრცელებლები, რადგან კანონის დარღვევით ეკლესიებში იკრიბებიან და ზიარებას აღავლენენ, მაგრამ პასუხისმგებლობას მაინც საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს აკისრებენ, თუმცა რელიგიური პირების უტიფრობას როდის ჰქონდა საზღვარი, რომ ახლა ჰქონდეს?
საქართველოს ორთოდოქსული ეკლესია კარს არ კეტავს და კანონს და ექიმების რეკომენდაციას არ ემორჩილება იმის მიუხედავადაც კი, რომ მეჩეთების ჭიშკრები ამ დღეებში დაიკეტა ისეთ ფუნდამენტალისტურ და რელიგიისადმი ბრმად მიმდევარ ქვეყნებშიც კი, როგორებიც ირანის ისლამური რესპუბლიკა და ვაჰაბიტური საუდის არაბეთია. ჩანს, ილია მეორის კანტორა იმაზე უფრო ფუნდამენტალისტურია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ის ეყრდნობა ბრმად მიმდევარი ზომბების არმიების ისეთ სიბრიყვეს, როგორიცაა მაგალითად რწმენა იმისა, რომ თვითმფრინავის მიერ დატოვებული ნაკვალევი ცაზე ღვთიური ნიშანია, ხოლო 2013 წელს თბილისში მოვლენილი წყალდიდობა უფლის სასჯელი გახლდათ.
კორონავირუსის გავრცელებიდან უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც წირვა-ლოცვას არ დასწრებია პატრიარქი ილია მეორე.
„არის ხოლმე შემთხვევები როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი, ხან გადაღლილია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. ასე, რომ მე ვერ გეტყვით ამას რა თქმა უნდა. რატომ უნდა გაგიკვირდეთ პატრიარქი ვერ დაესწროს, იცით ყველამ მისი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს ახლა მის ფიზიკურ მდგომარეობას ვიდრე შეეფერება“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, როცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ თუ უსაფრთხოა ეკლესიაში ყოფნა, თავად ეკლესიის ლიდერი რატომ იმალება და რატომ შეატოვა მრევლი ეპიდემიის საფრთხეს.
“ყველაფერი უფლის ნება იყო”, - ალბათ იტყვის ის სტიქაროსანი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრებს კორონავირუსი გადასდო, რითაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენა ისინი და ყველაფერი ძველებურად დარჩება. დიდი ალბათობით, ეკლესია კიდევ მრავალ ადამიანს გაუმასპინძლდება მომაკვდინებელი ინფექციებით, ხოლო ჩვენ, ვინც ვამტკიცებთ, რომ რელიგია კლავს, მოვიხმობთ მილიონ უტყუარ ფაქტს ჩვენი პოზიციების გასამყარებლად, რაც მტვრად იქცევა ცაზე თვითმფრინავის მიერ დატოვებული ნაკვალევის “ხილული სასწაულის” წინაშე და ვიქნებით ასე, სანამ ყველა, მორწმუნეც და ურწმუნოც, არ დავიღუპებით.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...