Sunday, April 5, 2020

ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრებმა აღდგომა წინსწრებით იზეიმეს (ვიდეო)


მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები გონიერი ადამიანები კორონავირუსის გამო სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ და სახლში დარჩენას ამჯობინებენ, რათა საშიშ ეპიდემიას მასობრივი გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგი არ შეუქმნან და ჯანდაცვის ჩვენმა სისტემამ პაციენტების მკურნალობა ეფექტურად მოახერხოს, ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრებმა გადაწყვიტეს, აღდგომა წინსწრებით ეზეიმათ და ამ მიზნით იმ კორპუსის წინ შეიკრიბნენ, სადაც მათი თაყვანისცემის ობიექტი ცხოვრობს.
“ხსნა და გადარჩენა არის ქრისტე მეფე ნარიმანთან”, - ამბობს ქალი, რომელიც კორპუსის წინ დგას და ფანჯარაში ნარიმან მაქარაშვილის გამოჩენას ელის.
“გილოცავთ, ხალხო, დღევანდელ დღეს”, - შორიახლოს ისმის მეორე ქალის ხმა, რასაც იმ ქალის ტირადა მოსდევს, რომელიც ხსნას და გადარჩენას ნარიმან მაქარაშვილის პიროვნებაში ეძებს:
“მთელ საქართველოს მოეფინოს და მთელ საქართველოს გილოცავთ”.
ამის შემდეგ გრძელწვერა და შავსათვალიანი ახალგაზრდა კაცი ლაპარაკობს:
“ჩვენც ვულოცავთ. ხო ვულოცავთ? ქრისტეს ჭეშმარიტ აღდგომას გილოცავთ მთელ საქართველოს”.
ოდნავ მოგვიანებით გაისმის ქსენოფობიური და ანტისემიტური განცხადებები იმის შესახებ, რომ ებრაელთა და მასონთა წიგნები არ არის საჭირო.
შეკრებილების საუბრიდან იმის გარკვევა შეიძლება, რომ ნარიმან მაქარაშვილის მრევლის წევრები გარდაცვლილი ქრისტეს მიერ ახალი ცხოვრების დაწყებას სწორედ ახლა ზეიმობენ, როცა, მათი განმარტებით, “ჭეშმარიტი წიგნების” მიხედვით დადგა აღდგომა.
ნარიმან მაქარაშვილი მისი მიმდევრების აზრით არის იესო ქრისტე, რომელიც ეროვნებით ქართველია და რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მთელი 1987 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს. ამიტომ ყოფილი ბერი, რომელიც საპატრიარქომ განკვეთა, მათთვის სწორედ ხორცშესხმული ღმერთია, რომელსაც წინსწრებით მიულოცეს მკვდრეთით აღდგომა და ახალი ცხოვრების დაწყება.
ცნობილია, რომ ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ. 2019 წლის ნოემბერში ისინი თავს დაესხნენ ტელეკომპანია “იმედის” კორესპონდენტს და ოპერატორს და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ, რის გამოც არავინ დასჯილა.
ნარიმან მაქარაშვილი ფონიჭალაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რამაც მისი მეზობლების ყოფა გაუსაძლისი გახადა, რადგან განკვეთილი ბერის მიმდევრები საკუთარი კუმირის ფანჯრებთან ხშირად საათების მანძილზე ხმამაღლა მღერიან, ყვირიან და აყალმაყალს ტეხენ.
ამის გამო მოსახლეობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიმართა წესრიგის დამყარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
ვიდეოში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა გაავრცელა, ნათლად ჩანს, თუ რა ხმამაღლა გაჰყვირიან ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრები და როგორ აწუხებენ გარშემო არსებული კორპუსების მაცხოვრებლებს, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაგირება ნულს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ იესო ქრისტეს არსებობა არცერთი სანდო სამეცნიერო წყაროს მეშვეობით დადასტურებული ფაქტი არ არის. ამიტომ ქრისტიანული რელიგიის ყველა კონფესიის მიმდევრები საკუთარი ღმერთის სახით გამოგონილ და არარსებულ პერსონაჟს სცემენ თაყვანს.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...