Wednesday, April 29, 2020

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო და ქალი, რომელმაც 122 წელს გადააბიჯა


ადამიანი, რომელმაც დედამიწაზე ყველაზე დიდხანს იცოცხლა და რომლის დღეგრძელობის ფაქტი დოკუმენტურად არის დადასტურებული, იყო ფრანგი ჟანა კალმენტი. ის 1875 წლის 21 თებერვალს დაიბადა, ხოლო 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა 122 წლის და 164 დღის ასაკში.
ჟანამ 85 წლის ასაკში დაიწყო ფარიკაობის სწავლა, ხოლო 110 წლის... ველოსიპედს ატარებდა.
1896 წელს, 21 წლისამ დაიწყო სიგარეტის მოწევა. 96 წლის შემდეგ, 117 წლის ასაკში, 1992 წელს სცადა, სიგარეტისთვის თავი დაენებებინა, თუმცა 1 წლის შემდეგ მოწევა განაახლა. მოწევას თავი იმ ერთი წლის მანძილზეც მხოლოდ იმიტომ დაანება, რომ თვალთ დააკლდა და არ სურდა, სხვებისთვის ეთხოვა, სიგარეტზე მომიკიდეთო.
ჟანას ასევე ძალიან უყვარდა პორტვაინი და წითელი ღვინო.
სიგარეტი და ალკოჰოლი მისი მთავარი გატაცებები იყო.
ჟანა იცნობდა ვინსენტ ვან გოგს. გენიალური მხატვარი მან მაშინ გაიცნო, როცა სულ პატარა გოგონა გახლდათ. ჟანა ყველა ახლობლის და ნათესავის სიკვდილს შეესწრო და ყველა ნაცნობზე საშუალოდ 2-ჯერ უფრო დიდხანს იცოცხლა.
აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოში 100 წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 695 ქალი იყო, ხოლო 154 – მამაკაცი. 110 წელს იყო გადაცილებული 58 ადამიანი. აქედან 52 იყო ქალი, 6 კი – მამაკაცი.
ასაკის მკვლევარების პროგნოზით, თუ ომი არ მოხდა ან რაიმე გლობალური მასშტაბის პანდემია არ იფეთქებს, ყოველ მომდევნო ათწლეულში გაორმაგდება 100 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი. ასე მაგალითად, 2029 წელს საქართველოში გვეყოლება 1600-ზე მეტი 100 წელს გადაცილებული ადამიანი, 2039 წელს – 3200-ზე მეტი, 2049 წელს – დაახლ. 6400, 2059 წელს – 12 800 და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ 100 წელი სიცოცხლის ისეთივე მიჯნა არ გახდება, როგორიც დღეს არის 40 თუ 50 წელი დღეს.
კიდევ რაც ყველაზე საინტერესოა: მომავალში ქალების და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა გათანაბრდება.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჟანა კალმენტს. როგორ იცოცხლა მან თითქმის 123 წელი, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს და ალკოჰოლს მოიხმარდა? რა საიდუმლო იმალება მისი ასეთი დღეგრძელობის მიღმა?
როგორც მკვლევარები განმარტავენ, ჟანას დაეხმარა მისი ძალიან კარგი კავშირები საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან. თურმე, სიგარეტს რომ არ ეწევი და მავნე ჩვევებზე უარს ამბობ, ხომ კარგია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც სასიამოვნო და კომფორტული ურთიერთობებია.
როგორც მკვლევარებმა შენიშნეს, იმ ადამიანების მესამედზე მეტი, ვინც 100 წელს გადასცდა, დაიღუპა იმავე ადგილას, სადაც დაიბადა. ამრიგად, ხანგრძლივი სიცოცხლისთვის თურმე ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრობდე მშობლიურ გარემოში. ხოლო თუ შენივე საკუთარ მშობლიურ გარემოში გაქვს კარგი სოციალური ქსელი და საყვარელი მეგობრებით და ახლობლებით ხარ გარემოცული, ეს ისე მოქმედებს, როგორც უკვდავების წყარო.
კარგი მეგობრების და კეთილი ახლობლების და ნათესავების ყოლის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სოციალური კეთილდღეობაც. მდიდრები ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ღარიბები.
მკვლევარების მტკიცებით 2007 წელს და მომდევნო წლებში დაბადებული ბავშვების ნახევარზე მეტი 100 წლის ასაკს გადააბიჯებს და 22-ე საუკუნის დასაწყისში საუკუნეზე დიდხანს სიცოცხლე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...