Friday, April 3, 2020

რატომ არის კორონავირუსი ძალიან სახიფათო?


არის თუ არა წყალი სახიფათო?
წყალი, რომელიც ჭიქაში ასხია, რა თქმა უნდა, არ არის სახიფათო. დიდი-დიდი, დაგასველოთ, თავზე თუ გადაივლებთ.
მაგრამ წყალი ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ცუნამის სახით უახლოვდება სანაპიროს. ამ დროს შეიძლება დაიღუპოთ, ახლოს თუ ხართ.
წყალი ხანდახან სახიფათოა ასევე გაყინულ მდგომარეობაში. გაიხსენეთ, რა დაემართა “ტიტანიკს”, რომელიც მცურავ აისბერგს შეეჯახა.
ამიტომ მოდით, შევთანხმდეთ, რომ გარკვეულ მდგომარეობასა და გარემოებებში ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო.
იგივეს თქმა შეიძლება კორონავირუსის შესახებაც: ის უსიმპტომოდ ვითარდება პაციენტების 50 %-ის შემთხვევაში, ხოლო მნიშვნელოვან ნაწილს გაციების მსგავსი მარტივი სიმპტომებით გადააქვს.
მაგრამ კორონავირუსი ძალიან სახიფათოა მისი გავრცელების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე. მისი “აფეთქება” უეცრად ხდება. შესაბამისად, უეცრად აწყდება საავადმყოფოებს ბევრი პაციენტი, რაც სამედიცინო სექტორის პარალიზებას იწვევს.
საქართველოში 3,75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, აქედან 300 ათასს ერთსა და იმავე დღეს აპენდიციტის ოპერაცია რომ დასჭირდეს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა დაიღუპება. არადა, აპენდიციტი ხომ უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უწყინარი რამეა!
ამიტომ შეიძლება კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის მიზერული, როცა 100 ადამიანს ემართება 3,75-მილიონიან ქვეყანაში ერთდროულად, მაგრამ როცა 100 ათას ადამიანს ემართება, ეს უაღრესად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ, სრულებითაც არ მიუთითებს ქართველი ინფექციონისტების გენიალობაზე ის ფაქტი, რომ კორონავირუსით დაღუპულები ქვეყანაში არ გვყავს. ამის მიზეზი სულაც არ არის ის, რომ ქართველი ექიმები ძალიან მაგრები არიან და ქართული მედიცინა ციდან ვარსკვლავებს წყვეტს. ამის მიზეზი არის უბრალოდ გავრცელების ის ტემპები, რასაც ჯერჯერობით არ მიუღწევია თავისი პიკისთვის.
არა, ქართული მედიცინა სულაც არ გახლავთ მსოფლიოში მოწინავე. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იღებდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების უდიდესი ნაწილი 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში ჩათვლებს. როგორ და გოჭის შემწვარი ბარკლების, ღვინით სავსე ოცლიტრიანების და ხანდახან ჩათვლის წიგნაკში ჩაცურებული ათლარიანების მეშვეობით.
ჩვენ არც კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ გაგვაჩნია. განვითარებადი ქვეყანა ვართ და 100 ათას ადამიანზე გაანგარიშებით საწოლების და სასუნთქი აპარატების შეფარდებით მსოფლიოში ერთ-ერთ უკანასკნელ პოზიციაზე ვიმყოფებით.


სწორედ ამიტომ აქვს ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, რომ დავრჩეთ შინ და დაავადების ფართო გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ, რაც ქართულ “მართლმადიდებლურ” ეკლესიას არ ესმის. მღვდლებმა ამ დღეებში უკვე გამოაქვეყნეს სრული ბოდვა, რამაც თაბახის რამდენიმე გვერდი დაიკავა და რაც გაჟღენთილი იყო პარანოიდული აზრებით იმის შესახებ, რომ იდევნებიან და ვიღაცას ქვეყანაში წირვა-ლოცვის ჩაშლა “ბოროტი განზრახვით“ სურს.
რასაკვირველია, მე, როგორც ათეისტს, მიხარია, როცა ქვეყანაში წირვა-ლოცვა არ ტარდება. გამოგიტყდებით და მართლაც სიამოვნებას მგვრის დაკეტილი ეკლესიების ცქერა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის, რაც მე სიამოვნებას მგვრის და მიხარია, უსარგებლოა და ჩემი ჯიბრით ლომს ხახაში უნდა ჩაუვარდე.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...