Tuesday, April 14, 2020

ლოკოკინა ქალაქს მიდიოდაო ანუ რა შეიტანა და რა გამოიტანა გახარიამ საპატრიარქოდან


ძვირფასო მეგობრებო, ალბათ დააკვირდებოდით, თუ რამდენად ხშირად ვიყენებ ამ ბოლო დროს ანდაზებს და სხვადასხვა ფრთიან და ხატოვან გამოთქმებს. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ანდაზების, მითების, ზღაპრების და ხატოვანი გამოთქმების დროში ვცხოვრობთ. ასეთ დროში სხვაგვარი ენით საუბარი შეუძლებელია.
მართლაც, განა რა არის იმაზე უფრო დაუჯერებელი და საანდაზო, რომ დღეს, 2020 წელს, ევროპის კონტინენტზე არსებობს ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც მღვდლები ისე მართავენ, როგორც ხელებზე თოკებმიბმულ უსუსურ მარიონეტებს? იმაზე დაუჯერებელი რაღა უნდა იყოს, რომ ილია მეორის აშკარა სურვილზე, ამოხოცოს და გაჟლიტოს ქართველი ერი, პროტესტი ერთი მუჭა მოაზროვნეების გარდა არავის უჩნდება, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ანაფორიანი ტერორისტებისგან პირდაპირ არის განწირული სასიკვდილოდ, ყოველდღიურად უშვერი სიტყვებით ლანძღავს?
ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო?
რა და ის, რაც ორიოდე დღის წინ მოხდა.
გუშინწინ პრემიერ-მინისტრი გახარია ეახლა ტერორისტული დაჯგუფების მეთაურს, ილია მეორეს და მუხლმოყრილმა სთხოვა, ქართველ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ბიჭებს და ჭარმაგ კაცებს ნუ დახოცავო. ტერორისტმა პატრიარქმა კი რა თქმა უნდა, ყურიც არ შეიბერტყა. ამიტომ ლოკოკინა ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო, სწორედ გახარიაზეა ნათქვამი*, რომელიც შაჰიდმა და ფუნდამენტალისტმა ილიათოლამ კუდამოძუებული გამოაგდო საპატრიარქოდან ისე, რომ არანაირი იმედიც კი არ მისცა.
და რა გააკეთა ამ დროს გახარიამ?
გგონიათ, პოლიციას უხმო და ტაძრების დაკეტვის ბრძანება გასცა?
ან დააპატიმრა ის მღვდლები, რომლებმაც ადამიანების გაჟლეტის სურვილით ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი?
თქვენც არ მომიკვდეთ. აი, რა თქვა მან:
“დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობაში ომის და ბრძოლის. აქ გარკვეული პრიორიტეტები გასაგებია, რომ შეიძლება, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ, მე, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის, მისი გონიერების და სიბრძნის და რატომ - მოქალაქე ხვდება ერთ რამეს, კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს, ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და მისი ფუნქციონირება ბევრი ჩემი უაღრესად პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის არის ასევე ეგზისტენციალური საკითხი.
ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას, არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ - არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას - დაარღვიოს კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც ჩვენი თითოეული მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გამოსავალს იპოვის. და, რა თქმა უნდა, მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში, ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს.
რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს? არ გვაქვს იმის უნარი, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?”
ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 100 % ბრძენია, რომელსაც რაიმე პასუხისმგებლობის აღების უნარი აქვს? აი, მაგალითად თქვენ რამდენ ბრძენ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანს იცნობთ საქართველოში, ძვირფასო მეგობრებო? 
მე ცოტას. ძალიან ცოტას.
სწორედ ამიტომ, ვინაიდან და რადგანაც, საქართველოს მოსახლეობის 100 % ბრძენი სულაც არ არის და პირიქით, ჩვენ გვყავს სერიოზული პროცენტი პიტალო და სალი ცხრა ნომერი კლდეების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ და აზრზე არ არიან, თუ რამხელა საშიშროების წინაშე ვდგავართ, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა და უმკაცრესი ზომები, არა?
თუ შეგონებით და ნამუსზე შეგდებით საქმე გვარდება, მაშ, რაღად გვინდა ეს ამხელა საპოლიციო აპარატი? ხელს ნუ ვახლებთ და უბრალოდ მხოლოდ ვუთხრათ დანით შეიარაღებულ არამზადას, რომელიც ქალისთვის ყელის გამოღადრას აპირებს იმის გამო, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში ამოიკითხა, რომ ორალური სექსი მომაკვდინებელი ცოდვაა, რომ ცუდად მოიქცევა, თუ ადამიანს მოკლავს. ვუთხრათ მოძალადეს, რომ მოხუცი ბებიის გაუპატიურება არასწორი საქციელია და ნამუსზე შევაგდოთ თამადა, რომლისთვისაც პირსინგი ქართველობის დაკარგვაა. მაშ, რაღა ჯანდაბად გვინდა, ამხელა შენობებს რომ ვაშენებთ პოლიციის განყოფილებებისთვის? თუ ასე მარტივად გვარდება საქმე, ვთხოვოთ დამნაშავეებს, გამოიჩინონ სიბრძნე და პასუხისმგებლობის გრძნობა, სანამ დანაშაულს ჩაიდენენ.
პრემიერის მოვალეობა არ არის ვინმეს ნამუსზე შეგდება და აზრზე მოყვანა. ეს არის ჩემი მოვალეობა. ეს არის ჟურნალისტების და მწერლების მოვალეობა, რადგან ჩვენ არ გვემორჩილებიან პოლიციელები და ჩვენ ვერ გავცემთ ბრძანებებს, რომ დადგეს ჩვენთვის სასურველი ესა თუ ის შედეგი. ამის პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას და როცა მთავრობა ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს. რას მიქვია, ვიღაც არამზადა ტერორისტები ერის და მოსახლეობის ამოჟლეტას და კიდევ მრავალი კვირით სახლში გამოკეტას გვიპირებენ და შენ არაფერი არ შეგიძლია? აბა, რიღას მაქნისი ხარ და რა ნამუსით მთხოვ არჩევნებში ხმას? ან თუ მღვდლები გმართავენ და მათი გადასაწყვეტია ქართველი ხალხის ბედი, მე რატომ უნდა ვიარო არჩევნებზე და დაგიჭირო მხარი? თუ რეალური ძალაუფლება არ გაქვს, რაში მაინტერესებს, სახელისუფლებო პარტიის ბუტაფორია ვინ იქნება?
აშკარაა, რომ გახარია და მისი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ 18 წლის გოგოებისთვის თვალების გამოთხრაში არიან მაგრები. ხოლო როცა საქმე საბჭოთა უშიშროების პუტჩისტ პოლკოვნიკს და მის ტერორისტულ ორგანიზაციას ეხება, აქ ისინი ისეთივე უხერხემლოები არიან, როგორც გაზაფხულის გრილ მდელოზე ბალახის საჭმელად გამოსული პატარა ლოკოკინა.
მაგრამ უსუსურობას და ლაჩრობასაც ხომ შეიძლება საზღვარი გააჩნდეს?!
ჩანს, არ შეიძლება.


*პოპულარულ ქართულ ანდაზას, რომელშიც ლოკოკინას ნაცვლად ძაღლია ნახსენები, განზრახ ვამახინჯებ, რადგან საქართველოს პრემიერი სწორედ ჩვენი სველი წერტილების ბინადარ მუცელფეხიან და სლიკინა არსებას ჰგავს ილია მეორესთან მიმართებით (ავტ.)

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...